მარტვილის მერის უკვე ყოფილი მოადგილე დავით სურმავა თანამდებობიდან მის მოულოდნელ გადაყენებას მეუფე პეტრესა და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარს ოთარ დანელიას უკავშირებს.
სურმავა ამტკიცებს, რომ სწორედ მათი ნება აღასრულა მერმა ალექსანდრე გრიგალავამ.
„მეუფე და ოთარ დანელია მებრძოდნენ და სწორედ მათი დავალებით დაწერა ბრძანება გრიგალავამ. მეუფე 2012 წლიდან იყო ჩემს წინააღმდეგ და დანელია რას მერჩის, არ ვიცი. ფაქტია, რომ ბატონი ალექსანდრე გრიგალავა არაფერ შუაშია. უნდათ, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ, მაგრამ არ მოხდება ეს. ერთად მოვდივართ ჩვენ. ვფიქრობ, რომ მათ დაავალეს გუბერნატორს და გუბერნატორმა გრიგალავას“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ სურმავამ.
მისი მტკიცებით,
გრიგალავას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მოადგილისთვის არ უთქვამს, თუმცა ამაზე საუბარი ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სურმავა აღნიშნულ პოსტს, დაახლოებით, წელიწადისა და 4 თვის განმავლობაში იკავებდა.
სურმავას ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ოთარ დანელია. მაჟორიტარმა რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ შესაძლოა, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
„მსგავსი რამ როგორ შეიძლება აზრად მოუვიდეს ადამიანს. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის და საღ აზრს მოკლებულია. ან მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომელიც თქვენ გითხრათ, ან პროვოცირებს. მე მივესალმები ამგვარ ცვლილებებს. სამწუხაროდ, მისი ეს განცხადება არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს, რადგან, როგორც ჩანს, არ ესმის, ვის რა უფლებამოსილება აქვს, როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობასა და არჩეულ მერს“, - აღნიშნა დანელიამ.
ბრალდებებს უარყოფენ სამხარეო ადმინისტრაციაშიც.
"სახელმწიფო რწმუნებულის და თვითმმართველობის ფუნქციები გაწერილია. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერს. შესაბამისად, ეს არის მერის გადაწყვეტილება და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ", - უთხრა რადიო
"ათინათს" სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლევან წულაიამ.
მეუფე პეტრე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
სურმავას გათავისუფლების ბრძანებას ხელი მერმა გუშინ 5 აპრილს მოაწერა და ამავე დღეს ახალი მოადგილეები - ვიცე-მერად ალექსადრე ხურცილავა, მეორე მოადგილედ კი აკაკი ხუნწელია დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები