ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ ამ წუთებში დაიწყო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას ოფიციალური წარდგენა. შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიმართა.
"თქვენივე რჩევითა და რეკომენდაციით "ქართულმა ოცნებამ" ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარადგინა გეგა შენგელია - ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი. ჩვენ ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით. პირველი - გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება. დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. მეორე - გეგა არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის ადამიანი, რაც ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ თვალსაზრისითაც უალტერნატივო კანდიდატია. მესამე და ყველაზე მთავარი - გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, თითოეული ზუგდიდელი მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს არის "ქართული ოცნება" და გეგა შენგელია", - თქვა მამუკა ბახტაძემ.
ადგილზე იმყოფებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ცერემონიას ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებიან.
ამავე თემაზე: ზუგდიდში გეგა შენგელიას ოფიციალური წარდგენისთვის ემზადებიან (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები