ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა, რომელიც მერიას მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში პროკურორს ხვდება.
ის შეხვედრაზე მას შემდეგ შეიყვანეს, რაც პროკურატურის წინ აქცია გამართა. მიქავა ამბობს, რომ მას მერია ჯარიმას სამი მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით ედავება, რაც, ბიზნესმენის თქმით, არაკანონიერია.
„აქ მოვედი იმის დასაზუსტებლად, ნამდვილად დაავალა თუ არა პროკურატურამ მაიზერ ნანავას, რომ ჩემთვის ჯარიმის დასაკისრებლად სარჩელი სასამართლოში შეეტანა. ამასთან ერთად მოვითხოვ ჩემს დაზარალებულად ცნობას“, - აღნიშნა მიქავამ.
საკუთარი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ის ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს და პირის ამოკერვით იმუქრება.
„დღესაც ვაპირებდი, მაგრამ გუშინ შევხვდი მეუფეს და მთხოვა, რომ დაველოდო და არ მივმართო პროტესტის ამ ზომას. მითხრა, ლოცვითა და მოლაპარაკებებით მიაღწიე შედეგსო“, - უთხრა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა.
თავის მხრივ,
ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მიქავა და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი ქუჩაში დახვდა და პასუხი მოსთხოვა პირგასამტეხლოს გამო. ის ამბობს, რომ სასამართლოში შეტანილი საჩივარი კანონიერია და ბიუჯეტმა აღნიშნული თანხა არ უნდა დაკარგოს.
საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.
ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებენ.
"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 13 ივლისს დააკმაყოფილა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა შპს „აკვაპარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. სწორედ მათი შეუსრულებლობა ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც მერიამ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა და საქმე ახლაც მიმდინარეობს", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები