მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი კუკავას, რომელსაც 8 თვის პატიმრობის შემდეგ ბრალდება მოუხსნეს, პროკურატურამ 20 ათასი ლარი
მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კუკავას ადვოკატის სოსო ჯანაშიას თქმით, სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
„ჩვენ ვითხოვდით მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 50 ათას ლარს, თუმცა, სასამართლო არ იცნობს მსგავს პრეცედენტს, შესაბამისად, მაქსიმუმი - 7 ათასი ლარი და მატერიალური ზიანისთვის 13 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. პროკურატურას არ სურდა არცერთი თეთრის გადახდა“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ ჯანაშიამ.
გიორგი კუკავა 2017 წლის 16 მარტს "ლენდოს" ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რვა თვის შემდეგ გაათავისუფლა და მას ბრალდება მოუხსნა. კუკავას მტკიცებით, ის თვეების მანძილზე უდანაშაულოდ იყო დაკავებული. ის ასევე სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაკავება ფაქტების გაყალბებით მოხდა, რაზეც მან პროკურატურას უჩივლა. 2018 წლის მარტში კი „ლენდოს" ყაჩაღობაში ბრალდებული პირი ზ.ფ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ.ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოში" და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს" კუთვნილ თანხას - 5 055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამავე თემაზე:
ყოფილი ბრალდებული: სამმართველოს უფროსად იმ პოლიციელს ნიშნავენ, ვინც უდანაშაულოდ დამაკავა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები