ზუგდიდელ ბიზნესმენს მანანა მიქავას, რომელმაც დღეს აქცია ჯერ ზუგდიდის მერიასთან, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან გამართა,
დღეს საღამოს მერობის კანდიდატი გეგა შენგელია შეხვდება. ამის პირობა მას კანდიდატის საარჩევნო შტაბში მისცეს.
მანამდე მიქავა
ზუგდიდის მერიასთან მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან შეხვედრას ითხოვდა. მისი თქმით, მერია უკანონო გადაწყვეტილებით მისთვის მიწის წართმევას აპირებს.
საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.
ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები