22 წლის მირიანე მარკელიას, რომლის მშობლები და თანასოფლელები ზუგდიდში აქციას მართავდნენ, სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა
დააყენა, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნატრული აკობიამ დააკმაყოფილა. პროცესი 22 აპრილამდე გადაიდო. მარკელიას უფლებადამცველის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებას მიაღწევენ.
„ჩვენ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების შესახებ, თუმცა უარი მივიღეთ, შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა. კიდევ შევეცდებით, რომ დავითანხმოთ, ეს მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მოცემულობა გვაქვს. არ არის დამამძიმებელი გარემოებები ამ საქმეზე, დაკავებული ბრალს აღიარებს. დაზარალებულთან უთიერთობა მოგვარებული აქვს და მას თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს. თუ არ შედგა საპროცესო შეთანხმება, სასამართლო გამოიტანს განაჩენს. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოსამართლემ საშეღავათო პირობების გამოყენებით გამოიტანოს განაჩენი“, - აღნიშნა ყურაშვილმა.
პროკურორის ილია ტორუას თქმით, მარკელიას ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს.
"ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილება სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ მირიანე მარკელიას მიმართ, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის 126- ე მუხლის პირველი ნაწილით რაც გულისხმობს, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და ძალადობა. მისი ქმედების შემდეგ ორმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. დღეს ჩვენ დავასრულეთ მტკიცებულებების განხილვა. მხარეებმა ასევე თქვეს დასკვნითი სიტყვები, ბრალდებულისსაბოლოო სიტყვაზე კი მხარემ გადადება მოითხოვა", - განაცხადა ტორუამ.
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან დაკავებულის მშობლებმა და თანასოფლელებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, მუხლი, რომლითაც დაკავებულის ბრალი ედება არასწორია და ისინი სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. დაკავებული ახალგაზრდის მამამ თვითდაზიანება მიიყენა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.
ამავე თემაზე:ზუგდიდის პროკურატურასთან აქციაზე მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები