ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მერობის შემთხვევაში, ის სამოქალაქო სექტორთან
თანამშრომლობას აპირებს.
„ყველაზე დიდი პრობლემა ამ ხელისუფლების არის ის, რომ მან ვერ გაიაზრა სამოქალაქო საზოგადოების როლი სახელმწიფო პოლიტიკის კულტურის ჩამოყალიბებაში. ჩემი მიზანი არის მომავალი მერის ამპლუაში პოლიტიზირებისგან დავაშორო მაქსიმალურად თვით მმართველობა და შევქმნა სამოქალაქო აქტივიზმის ძლიერი ხმა. ეს ივანიშვილის ყველაზე ცრუ დაპირება აღმოჩნდა“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს, თუ რა საარჩევნო პროგრამა აქვთ მერობის კანდიდატებს.
„ჩემთვის უმთავრესია, რომ მერობის ყველა კანდიდატს მოვუსმინო, მერობის ყველა კანდიდატის პროგრამას გავეცნო და გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება მივიღო,როცა საარჩევნო ყუთთან მივალ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და მერობის კანდიდატის განცხადებებს, მის პოზიციას, მე მაინტერესებდა და მაქვს გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ითანამშრომლებს ადგილობრივ საკრებულოსთან, წარმომადგენლობით ორგანოსთან. როგორი პოზიცია ექნება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. კარგია ასეთი ფორმის შეხვედრები რომ იმართება, იმიტომ,რომ ეს არის მესამე სექტორი, რომელმაც იცის ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და მათი გულის ტკივილი“, - თქვა ბეჭვაიამ.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები