ორი კვირის განმავლობაში ზუგდიდის მერიასა და მის ააიპ-ებში მომუშავე 166-მა ადამიანმა შვებულებით უკვე ისარგებლა, ნაწილი კი ამ დრომდე სარგებლობს. ამის შესახებ რადიო
„ათინათის“ მიერ გამოთხოვილ
საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის მერიაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით შვებულებით ისარგებლა ჯამში 78-მა თანამშრომელმა, სხვადასხვა დროითა და ვადით (32-მა - 1 დღით; 13-მა - 2 დღით; 3-მა - 8 დღით; 11-მა - 3 დღით; 11-მა - 4 დღით; 4-მა - 6 დღით; 3-მა 5 დღით; 1-მა 9 დღით).
19 აპრილის მონაცემებით კი შვებულებაში იმყოფება 22 მოხელე, 8 მათგანი 25 აპრილამდე სარგებლობს კუთვნილი შვებულებით.
რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ანაზღაურებადი შვებულებით 8 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, 16-17 მაისს კი ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობს. 3 აპრილიდან - 12 აპრილის ჩათვლით კი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გვილიამ.
1-დან 16 აპრილის ჩათვლით შვებულებებით ისარგებლა ან ამ პერიოდში დაწერა განცხადება ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ 14-მა, „ზუგდიდაგროსერვისის“ 1-მა, „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ 2-მა, „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ 2-მა (მათ შორის, ერთ-ერთმა 1 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით), „მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის“ - 9, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ 12-მა (თითოეული მათგანი 24 სამუშაო დღით), „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ 2-მა, „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა“ 12-მა, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 3-მა, „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ 7-მა თანამშრომელმა.
ამ უკანასკნელ ააიპ-ში მუშაობს თემო კიკალიშვილიც, რომელმაც, როგორც გვითხრა, კუთვნილი შვებულების უმეტესი ნაწილი მერის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩასართავად გამოიყენა. ის ამ დროისთვის შტაბში მუშაობს და წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველ ფოტოებს იღებს.
„10 დღე დავიტოვე და დანარჩენ დღეებს, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილით ვიყენებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მივიღო მონაწილეობა“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ კიკალიშვილმა.
შვებულებაში არ არის, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული ზედაეწერში მერის წარმომადგენელი ირაკლი თორდია. მისი თქმით, ის აგიტაციას მხოლოდ არასამუშაო დროს ეწევა.
„6 საათის შემდეგ, სადაც მინდა იქ შემიძლია გავიარ-გამოვიარო, ხომ ასეა? სამუშაო დროს ოთახში ვზივარ, დანარჩენ დროს კი ჩართული ვარ კამპანიაში და მოვუწოდებ ყველას შენგელიას დაუჭირონ მხარი“, - გვითხრა თორდიამ.
ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ შვებულებები წინასაარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება, რადგან კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება ყველას აქვს.
"ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ კუთვნილი შვებულებით სარგებლობას და ისე გამოყენებას, როგორც ეს თავად სურთ. ჩვენი მხირდან გეტყვით, რომ როგორც ხედავთ, არც მასიური ხასიათი აქვს ამ ყველაფერს და წინასაარჩევნო კამპანიას არანაირად არ უკავშირდება", - გვითხრეს პრესსამსახურში.
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა 8 აპრილს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები