არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული 37 წლის იულია სუსლიაკის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა გასცა.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ უთხრა. მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა დასტურდება.
„ეს არის მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება იულია სუსლიაკის უდანაშაულობა. რასაც მე პირველივე დღიდან ვამბობდი. ამ საქმეში დამნაშავე არის პროკურორი, რომელმაც ეს საქმე „შეთითხნა“. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა“, - თქვა თოდუამ.
უკრაინელი ქალის საქართველოსში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ზუგდიდში, ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ისინი ყვებოდნენ, რომ მათ მეზობლად მცხოვრები ათი ბავშვი უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა მათ სამედიცინო დახმერება სჭირდებოდათ. რის შემდეგაც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი 20 აპრილს შეიყვანეს, მოგვიანებით კი ისინი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დააკავეს. იულია სუსლიაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. მათივე ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს.
გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მოწამლული ათი ბავშვის თანმხლებმა ქალმა შესაძლოა საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს
მასალის გამოყენების პირობები