ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, რომლის უფლებამოსილებაც დღეს საკრებულომ სცნო, გუნდს ნდობისთვის, ხოლო ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის ყველას მერია და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.
მან მადლობა იმ მოქალაქეებსაც გადაუხადა, რომლებმაც ხმა არ მისცეს.
„მადლობა ნდობისთვის, მადლობა მოლოცვისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ 30 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც სრული მხარდაჭერა აღმითქვა და იმ 24 000 ამომრჩეველსაც, რომელმაც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. აქ, სხდომაზე ისიც ითქვა, რომ ყველაფერი წინასაარჩევნოდ კეთდება. მინდა იმ ახალგაზრდებს ვუთხრა ვინც ეს თქვა, გავიდნენ ქუჩაში და ნახონ, რომ სამუშაოები გრძელდება... ოპონენტებისგან ჯანსაღ ოპონირებას ველოდები, ოპონირებას ზუგდიდის სიყვარულისა და კეთილდღეობიდან გამომდინარე და არა მასკარადების მოწყობას პოლიტიკური ქულების დასაწერად. მე ვარ ყველას მერი და მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, - თქვა გიორგი შენგელიამ.
რაც შეეხება საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად ტრანსპარანტებით მისულ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, შენგელიამ თქვა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები და ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტრანსპარანტებით მოვიდნენ: "გია დანელია შენ ხარ ზუგდიდის სირცხვილი", "ძალად არჩეული მერი", "გეგა შენგელია შენს ვალს ზუგდიდი არ გადაუხდის" და სხვ. ამასთან, მათ პროტესტის ნიშნად პირი აკრული და თავზე ტომარა ჰქონდათ წამოცმული.
ამავე თემაზე:
ხმაურია ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც მერის უფლება მოსილება სულ ცოტა ხნის წინ სცნეს
ზუგდიდის მერის უფლებამოსილების ცნობა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები