ხობის მაჟორიტარი თამარ ჩუგოშვილს: გაუთიშეთ ოპოზიციას მიკროფონი, როცა ტყუილს ამბობენ
ხობის მაჟორიტარმა ირაკლი დაჩი ბერაიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, მიმართა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მიკროფონის გათიშვა თხოვა.
ბერაიამ ამ თხოვნით ჩუგოშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომაზე დაპირისპირების შემდეგ დარბაზი დატოვეს.
„ჩვენ მოვისმინეთ სამეულისგან სიცრუე, რომელმაც წიკვინა ხმით დაიწყო და ბოხი ხმით განაგრძო. ეს არ არის არც დემაგოგია. გთხოვთ, გამოიყენოთ უფლება, სიცრუის საუბრისას გაუთიშოთ მიკროფონი და არ მისცეთ საშუალება ათქმევინოთ ტყუილები. გთხოვთ, ამ ტყუილს ნუ ასმენინებთ საზოგადოებას პარლამენტიდან“, - თქვა ბერაიამ.
თამარ ჩუგოშვილმა კი მას რჩევისთვის მადლობა გადაუხადა და უპასუხა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს.
ოპოზიცია პარლამენტის დღის წესრიგში შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენების საკითხის შეტანას ითხოვდა, რასაც მათსა და „ქართულ ოცნებას“ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
მასალის გამოყენების პირობები