სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან ენგურის ხიდზე მიმოსვლის შეზღუდვა მოსახლეობის
თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვაა. ამის შესახებ სუს-ში რადიო
„ათინათს“ უთხრეს.
„აღნიშნული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ცალსახად, განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას, მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - გვითხრეს უწყებაში.
ამავე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი დროებით დღეს, 27 ივნისს
ჩაიკეტა. ამის მიზეზად აფხაზური მხარე საქართველოში, მათ შორის, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო უსაფრთხოების ზომას ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები