ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ კედელზე ახალი ნახატი გამოჩნდა. მისი ავტორი სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდიაა. ზარანდიამ რადიო
„ათინათს“ უთხრა,
რომ ამოთხრილი თვალისა და ცოცხის კედელზე მიხატვა იმის გასაპროტესტებლად გადაწყვიტა, რომ, მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლებები ხალხზე ძალადობენ.
„ეს სისტემის მანკიერი სახის გამოვლინებებია. მთლიანობაში, ძალაუფლების წყარო არის ხალხი, მაგრამ ხალხზე ყველა მთავრობამ იძალადა. ნაცი-ქოცი ერთი სისტემის სახელებია. მისი უდიდებულესობა ხალხი კი კვლავ უგონოდ, დაქსაქსული დარბის ხელოვნურ ჩიხში და ყველაფერს აკეთებს, გარდა სისტემის გაკეთილშობილებისა. მომავალი მთავრობაც, ალბათ, რომელიმე კიდურს ან სხეულის რომელიმე ნაწილს ააგლეჯს მოწინააღმდეგეს“, - გვითხრა როსტომ ზარანდიამ.
2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მათ შორის, პატიმრების, ცოცხით სავარაუდო გაუპატიურების კადრები გავრცელდა.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში კი, აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის სხვადასხვა სახეობის ტყვიებით დარბევის შემდეგ, ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, რამდენიმეს ტყვია თვალი არეში მოხვდა. შედეგად, ორ მათგანს თვალის ამოღება დასჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები