ზუგდიდის სოფელ დარჩელის პირველ საჯარო სკოლის ეზოში რაგბის მოედნის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" გოგონათა რაგბის გუნდის მწვრთნელმა ვახტანგ კორკელიამ უთხრა.
მისივე ინფორმაციით, მოედნის მოსაწყობად ადმინისტრაციამ მათივე სკოლის საკუთრებაში არსებული თხილის წლევანდელი მოსავალი დაუთმო, რომელიც მოსწავლეებმა შეაგროვეს. ვახტანგ კორკელია ამბობს, რომ ზუგდიდში პირველად რაგბის კლუბი დარჩელის პირველს სკოლაში ჩამოყალიბდა და აქ მოედნის მოწყობა სიმბოლურია.
„მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მოედანი არ გვქონდა, პირველად რაგბის თამაში აქ დავიწყეთ. როდესაც მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა და მათ მოტივაციაც ჰქონდათ, ზუგდიდში გავაგრძელეთ ვარჯიში. მე ამავე სკოლაში ვასწავლი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წელს სკოლის დირექტორის დახმარებით დავიწყებთ მოედნის მოწყობას. მას მერე რაც სკოლას რემონტი ჩაუტარდა და ძველი შენობების დემონტაჟი მოხდა, გამოთავისუფლდა ტერიტორია, თუმცა გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომ ვარჯიში შევძლოთ. სკოლის ტერიტორიაზე იყო თხილნარი. წლევანდელი მოსავალი დაგვითმეს ამ მოედნის მოსაწყობად, რა თქმა უნდა თანხა არ არის საკმარისი, მაგრამ ვეცდებით კიდევ მოვაგროვოთ“, - აღნიშნა ზუგდიდის გოგონათა რაგბის გუნდის მწვრთნელმა.
იგი მიიჩნევს, რომ სკოლაში რაგბის მოედნის არსებობა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
დარჩელის #1 სკოლის დირექტორის მარინე ცარციძის თქმით, თხილი, რომელიც მოსწავლეებმა მოაგროვეს პირველი მოსავალია.
"ოთხი წელია რაც დავრგეთ თხილი. წელს პირველი მოსავალი მივიღეთ, მისგან მიღებული თანხა რაგბის მოედნის მოწყობაში დაიხარჯება. თხილნარის იჯარით გაცემას ვგეგმავთ. სკოლის ბიუჯეტში რა ფულიც შემოვა, ისევ სკოლას მოხმარდება", - ამბობს დირექტორი.
ზუგდიდის გოგონათა გუნდი „ქვიშის რაგბი 2019-ის“
გამარჯვებულია.
მასალის გამოყენების პირობები