უშგულში ადგილობრივები, რომლებიც დილიდან აქციას მართავენ, მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს არ შეხვდნენ.
აქციის მონაწილემ გიორგი ჩარკვიანმა რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ ისინი ჟორჟოლიანს არ ენდობიან.
„აქამდე ბევრი პრობლემა გვქონია და არ მოუგვარებია არცერთი. არ ვენდობით და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდებით“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.
თავის მხრივ, მესტიის მერიც ამბობს, რომ უშგულელებს შეხვედრა არა მასთან, არამედ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან სურთ.
„მე მინდოდა, რომ მათგან მომესმინა პრობლემების შესახებ, თუმცა, თავად არ სურთ ჩემთან საუბარი. თუ საჭირო გახდა, მე მათ ვუშუამდგომლებ, რომ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ აქვთ რამდენიმე პრობლემა, დენის, წყლის, გზის. თითოეულ მათგანზე მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, უნდათ, რომ ჰყავდეს უშგულს რწმუნებული. კონკურსი მალე დასრულდება და ამ თანამდებობაზე შევარჩევთ კადრს. რაც შეეხება ძეგლებს, თითოეული მათგანი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს მუშაობა და მომავალი წლიდან დაიწყება აღდგენები“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
მერის თქმით, აქციის მონაწილეები ცდილობენ, რომ
გზის გადაკეტვის მიუხედავად, მგზავრებს პრობლემა არ შეუქმნან.
მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში საპროტესტო აქცია რამდენიმე საათია
გრძელდება. აქციის მონაწილეები სოფელში არსებულ პრობლემების, პირველ რიგში კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითხოვენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის
ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სვანეთში ძეგლების პრობლემა კომპლექსურ გადაწყვეტას საჭიროებს.
მასალის გამოყენების პირობები