„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქვეყნის დაცული ტერიტორიების შემოსავლის შესახებ კვლევა მოამზადა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში არსებული 87 დაცული ტერიტორია, რომელთაგან 10
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზეა, სახელმწიფოს საკუთრებაა და შემოსავალს დაცული ტერიტორიების სააგენტო იღებს და არა რომელიმე მუნიციპალიტეტი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა მხოლოდ 16 ტერიტორიაზეა მოწყობილი, ამათგან კი შემოსავლის მიმღები მხოლოდ 13-ია:
„დაცული ტერიტორიების ნაწილს ცალკეული მუნიციპალიტეტები უწევენ ნარჩენების გატანის მომსახურებას, რის სანაცვლოდაც სააგენტო ყოველთვიურად იხდის თანხას. თუმცა სხვა რაიმე შემოსავალს ადგილობრივი ბიუჯეტები დაცული ტერიტორიებიდან არ ღებულობენ. 2017 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით დაცულ ტერიტორიებს ჯამში 1 995 554 ვიზიტორი ეწვია, ამავე პერიოდში მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 13 634 498 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ მასალაში.
ამავე ინფორმაციით 2017 წლიდან 2019 წლის მაისის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარე 10 დაცულ ტერიტორიას 398 329 ვიზიტორი ესტუმრა, აქედან მიღებულმა შემოსავალმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 4 136 509 ლარი შეადგინა.
TI-ში სხვა ქვეყნების მაგალითებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, მაქსიმალურად ბევრ დაცულ ტერიტორიაზე მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ვიზიტორთა მხრიდან მისაღები შემოსავლის ოდენობა მუდმივად გაიზარდოს.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, აუცილებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის განხილვის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ იმსჯელოს, დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილებაზე, გრძელვადიან პერიოდში კი დაცული ტერიტორიების გარკვეული კატეგორიების (მაგალითად, მარტვილის და ოკაცეს კანიონები) მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემაზე. დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს და ამასთან, ხელს შეუწყობს თვითმმართველობების დაინტერესებას, იზრუნონ ტურიზმის განვითარებაზე.
მასალის გამოყენების პირობები