ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან სამარშუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრობის ფასმა 5 ლარით მოიმატა.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ მგზავრებმა მიაწოდეს. მათი თქმით, დღეს მგზავრობისას მძღოლებმა 15-ის ნაცვლად 20 ლარის გადახდა მოთხოვეს.
„ვმგზავრობ ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით, ექიმთან მივდივარ, მძღოლი გვეუბნება მოიმატა თანხამო და 20 ლარი გადაგვახდევინა. ყველა, ვინც ზის ტრანსპორტში, აპროტესტებს ამას“, - აღნიშნა ზაალ არქანიამ.
მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრობის ფასის გაძვირება არსებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ აიძულა. ერთ-ერთმა მათგანმა ავთო კაკულიამ გვითხრა, რომ გადაწყვეტილება ლარის კურსის ვარდნის და საწვავის გაძვირების გამო მიიღეს.
„თითქმის, ხუთი დღეა, რაც ასეა. საწვავი გაძვირდა, ჩვენი ხარჯი გაიზარდა და შესაბამისად, მოიმატა ფასმაც“, - აღნიშნა კაკულიამ.
ჯერჯერობით, მგზავრობა არ გაძვირებულა რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე სხვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის მსურველთათვის.
მასალის გამოყენების პირობები