აფხაზეთში ამერიკულ პეპელას ებრძვიან. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამირან კაკალიამ განუცხადა.
მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის პესტიციდები სოფლის მეურნეობის რაიონულ განყოფილებებს უკვე გადაეცა. უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქიმიური პრეპარატები მათ ჰუმანიტარული დახმარების სახით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს.
კაკალიას ცნობით, ამერიკული პეპელას წინააღმდეგ ისინი იყენებენ "ფასკორდს" და "ბიფენტრინს". სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პესტიციდებით მკურნალობას შედეგი მოაქვს, თუმცა არის საშიშროება, რომ ერთ კვირაში მავნებელი ისევ გამოჩნდება. ამიტომ, საჭიროა მუდმივი მონიტორინგის ჩატარება.
ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად მავნებელი მწერი გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის რაიონებშია გავრცელებული.
ამერიკული პეპელა აფხაზეთში 2018 წელს გამოჩნდა, გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკაში მან სოჭიდან შემოაღწია. უწყების წარმომადგენლის ცნობით, ამჯერად მისი გამრავლება, წლევანდელმა ცხელმა ზაფხულმა გამოიწვია.
ფოტო: ტელესტუდია "ასარკია"
მასალის გამოყენების პირობები