აფხაზური ენის შესწავლა თამაშით - ახალი კრებული პატარებისთვის
სოხუმში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აფხაზური ენის შემსწავლელი კრებული შეადგინეს. წიგნის ავტორებმა პროგრამა სათამაშოების თემატიკაზე ააგეს.
მასში მოცემული მასალის საშუალებით ბავშვი 3000 - მდე ახალი სიტყვის შესწავლას შეძლებს. კრებული, რომელსაც ილუსტრირებული ბარათები ერთვის, ალბომის სახით გამოიცემა, წერს "ნუჟნაია გაზეტა".
პატარები სიტყვების შესწავლას, როგორც საბავშვო ბაღის მასწავლებლების, ასევე, მშობლების დახმარებითაც შეძლებენ.
დამხმარე სახელმძღვანელოს შედგენაზე აფხაზური ენის პოლიტიკის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით, ბავშვთა განვითარებისა და განათლების ცენტრის "ჰარმონია" პედაგოგ - ფსიქოლოგები ვიქტორია არძინბა და საიდა ჯინჯოლია მუშაობდნენ, ხოლო ილუსტრაციებზე - იანა პინჩუკი და მადინა ჩკოტუა.
ენის პოლიტიკის "სახელმწიფო კომიტეტის" ხელმძღვანელის თამილა არშბას თქმით, აფხაზეთში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აფხაზურ ენაზე შედგენილი წიგნების ნაკლებობაა. მისივე განმარტებით, ახალი ალბომი ამ ტიპის პირველი სახელმძღვანელოა.
მასალის გამოყენების პირობები