მინისტრი: ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნები და მისი შედეგები არალეგიტიმურია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ეხმაურება.
მინისტრი ამბობს, რომ არცერთ ტურს ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამოდევნილია და მათი ნება უგულვებელყოფილია.
„ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - არც ე.წ. პირველი ტური და არც ე.წ. მეორე ტური ამ მხრივ ერთმანეთისაგან არ განსხვავდება - ე.წ. არჩევნების პროცესს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია სამართლებრივად. რა თქმა უნდა, იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამოდევნილია და მათი ნება უგულვებელყოფილია. გარდა იმისა, რომ შედეგები არალეგიტიმურია, სიტუაცია შიგნით საკმაოდ დაძაბული და არაერთგვაროვანია, რაც ე.წ. შიდა პოლიტიკურ პროცესებში იგრძნობა. საზოგადოების განწყობები საკმაოდ კრიტიკულია ზოგადად სიტუაციის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონში მზარდი მილიტარიზაციისა და ძალიან ბევრი სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემის ფონზე ჩამოყალიბდა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს და მოსახლეობის უსაფრთხოებას რაიმე რისკი არ შეექმნას. მოსახლეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, გაცხადებული გვაქვს და ვრჩებით ჩვენი კურსის ერთგული - მზად ვართ აფხაზურ საზოგადოებასთან გვქონდეს დიალოგი, მაქსიმალური ჩართულობა და განვახორციელოთ არაერთი პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ იქნება მიმართული. დამერწმუნეთ, ამის საჭიროება, დღეს ისე დგას, როგორც არასოდეს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
წინასწარი შედეგებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა ლიდერობს.
მასალის გამოყენების პირობები