სოხუმი: მძღოლები ავტომობილებზე არასტდანდარტული ნომრების განთავსებას შეძლებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იაპონური ავტომობილების მფლობელებს არასტანდარტული სანომრე ნიშნების ტარების უფლება ექნებათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება „მინისტრთა კაბინეტმა“ დღეს მიიღო. „დადგენილების პროექტი განსახილველად შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გარი არშბამ წარადგინა“, წერს „აფსადგილ ინფო“.
„აფხაზეთში იაპონური წარმოების უამრავი ავტომობილი გამოჩნდა და ზოგიერთი უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ ამაგრებს მანქანის უკანა ნაწილზე რეგისტრაციის სახელმწიფო ნომერს. ჩვენ შემოვიღეთ სპეციალური სახელმწიფო ნომრები, რომელთა განთავსებას ისინი მარტივად შეძლებენ თავიანთ ავტომობილებზე“, - თქვა არშბამ.
მისივე ცნობით, აღნიშნული სანომრე ნიშნები ადაპტირებული იქნება ტრანსპორტის ჩარჩოს ფორმასთან. ამავე ცნობით, იცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ბლანკის და მართვის მოწმობის ფორმა. არშბას თქმით, „ახალ მართვის მოწმობას საერთაშორისო ძალა მიენიჭება და მისი მფლობელი შეუფერხებლად შეძლებს ტრანსპორტის მართვას აფხაზეთის საზღვრებს გარეთაც“.
მასალის გამოყენების პირობები