აფხაზეთში გამართული ქორწილისთვის დაუნაწევრებელი 40 თხა ზუგდიდის ერთ-ერთ თონეში შეწვეს. როგორც რადიო
„ათინათს“ წყარო უყვება, თხები კახეთში შეიძინეს
და მათ შეწვას ერთი დღე და ღამე მოანდომეს. ამავე ცნობით, ამ საქმისთვის ოჯახმა 300 000 რუბლი გადაუხადა, რაც 14 ათას ლარამდეა.
„ფეხზე მდგარი, დაუნაწევრებელი შეწვეს. მათი წონა 9-15 კგ-მდე მერყეობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამდენი თხა შეიწვა ქორწილისთვის. მსგავსი რამ დღემდე არ გვახსოვს. გამვლელ-გამომვლელი ყველა ამ თხებს ვუყურებდით, საოცარი სანახავი იყო “, - ამბობს თონის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
ოჩამჩირის რაიონ სოფელ კვიტოულში ქორწილი 19 ოქტომბერს გაიმართა. სუფრაზე მისულ სტუმრებს მთლიანი, დაუნაწევრებელი თხები დახვდათ. ეს ფაქტი აფხაზმა ახალგაზრდა ბლოგერმა გააქილიკა და "ვაცის ქორწილი" (козлосвадьба) უწოდა. სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოს ქვეშ დატოვებული კომენტარის გამო ის უცნობმა პირებმა სახლიდან გამოიყვანეს და
სცემეს. ბესლან ხვარწკია ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები