კომპანია „ნერგეტა“ იაპონიაში რამდენიმე ათეული ტონა კივის გატანას გეგმავს. კომპანიის განვითარების მენეჯერი კონსტანტინე ვეკუა ამბობს, რომ მოსავლის
აღების პროცესი რამდენიმე დღეა დაიწყო და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. მისვე თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს ორჯერ მეტ მოსავალს ელოდებიან.
„კონკრეტულად ვერ გეტყვით რამდენი ტონა კივის გატანას ვგეგმავთ და რა ფასად. გაიყიდება ტოკიოსა და სხვა ქალაქებში. სიახლე რაც გვაქვს, ის არის, რომ შევცვალეთ შეფუთვის დიზაინი. იაპონელების მოთხოვნით შეფუთვაში მეტი ვარდისფერი შევიტანეთ, რადგან გვითხრეს, რომ ამომავალი მზის ქვეყნაში მცხოვრებ ქალებს ძალიან უყვართ ეს ფერი. ასევე შევცვალეთ ეტიკეტირება და მოვარგეთ იაპონელების მოთხოვნებს“, - აღნიშნა კონსტანტინე ვეკუამ.
ზუგდიდის სოფელ ინგირში 24 ჰექტარი კივის პლანტაცია 2011-2012 წლებში გააშენეს. კომპანიამ მოსავალი 2015 წელს გერმანიაშიც გაიტანა, შემდეგ კი იაპონიის ბაზარზე შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები