ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის და მისი მოადგილის ნინო ცაციაშვილის გადადგომას მოითხოვს. მათივე განმარტებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძესთან დაკავშირებით მომხდარ დანაშაულზე მათ ეკისრებათ.
ამავე ცნობით, საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელებდა.
„საიას ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ლუკა სირაძის საქმის მასალებს გუშინ გვიანობამდე ეცნობოდა. ამ დროისათვის ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხულია არაერთი მოწმე და დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების ერთი გამომძიებელი.
ამ დროისათვის საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის. ასევე, დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები“, - ნათქვამია განცხადებაში.
საია დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და იმ პოლიციელთა ვინაობის დადგენას ითხოვს, რომლებიც ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მონაწილეობდნენ.
15 წლის მოზარდი, რომელმაც არსებული ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები