სოხუმში 11-17 დეკემბერს თურქული დელეგაცია იმყოფებოდა, რომელსაც პარტია „ვატანის“ („სამშობლო“) თავმჯდომარე დოგუ პერინჩეკი ხელმძღვანელობდა. „ნუჟნაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა,
რომ რესპუბლიკაში რაულ ხაჯიმბას მიწვევით იმყოფებიან. მათი ჩამოსვლის მიზანია თურქეთის რესპუბლიკამ რაც შეიძლება მალე აღიაროს "აფხაზეთის რესპუბლიკა“.
„ჩვენ გვსურს, რომ აფხაზეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საზღვაო მიმოსვლა იყოს. ეკონომიკური პერსპექტივა თურქეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დააჩქარებს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ აფხაზეთის პრეზიდენტის ვიზიტს თურქეთში, რაც ჩვენი აზრით, ამ საკითხს კიდევ უფრო წინ წაწევს“, - თქვა პერინჩეკმა.
მან აღნიშნა, რომ თურქეთში დაბრუნებისთანავე, მედიასაშუალებების დახმარებით, ისინი ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოებას გეგმავენ.
„თურქეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ შევძლებთ შემოვიკრიბოთ შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნები, ასევე ხმელთაშუა ზღვისაც. აქედან გამომდინარე, შეიქმნება შავ და ხმელთაშუა ზღვებზე მშვიდობიანი თანაარსებობის პირობები შეიქმნება“, - თქვა პარტია „ვატანის“ ლიდერმა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზეთის მეგობრების ლიგის“ თავმჯდომარე ასტამურ ლოგუამ და და დოგუ პერინჩეკმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები