აფხაზეთში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების
სამინისტრომ ბოლო 5 დღის განმავლობაში ხანძრის 60 -ზე მეტი კერა დააფიქსირა. მათივე ცნობით, კიდევ 6 ახალი კერა ტყვარჩელის მთაგორიან ნაწილში, ქვემო ეშერის სოფლებში: ლიძავაში, ილორსა და კინდღში გაჩნდა.
მანამდე სამაშველო - სახანძრო სამსახურის თანამშრომლები გაგრისა და ოჩამჩირის რაიონში გაჩენილი ცეცხლის კერების მონიტორინგს აწარმოებდნენ. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის კერები იყო გუდაუთის სოფელ აუათხარაში, სადაც 3 000 კვადრატულ მეტრზე იწვოდა ტყის ქვედა საფარი. სტიქია სწრაფად ვრცელდებოდა და დასახლებულ პუნქტს უახლოვდებოდა, თუმცა მეხანძრეებმა საშიშროების თვიდან აცილება შეძლეს. ხანძრის კერები დაფიქსირდა ოჩამჩირისა და გალის რაიონებშიც. 21 დეკემბერს ცეცხლი გაჩნდა სოხუმის რაიონის სოფელ აკაპაში (ყოფილი ოდიში). 10 ჰექტრამდე ფართობზე გავრცელებულ ხანძარს მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც აქრობდა.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად უწყების წარმომადგენლები ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები