ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტის ლევან თორიას საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ის უდანაშაულოდ
ცნო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი თორიას მეგობრები ოვაციებით შეხვდნენ. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ჟურნალისტი დადიანების ეზოში 14 მაისს მომხდარი ინციდენტის დროს თავს იცავდა.
თორიას თქმით, ის მოსამართლისგან გამამართლებელ განაჩენს არ ელოდებოდა, რადგან იგი პროკურატურისგან ზეწოლას განიცდიდა.
"მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს, რადგან მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც პროკურატურის მხრიდან განიცდიდა, მაინც მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. პროკურატურა ცდილობდა მე წარმოვეჩინე, როგორც მოძალადე, მაგრამ კადრებში კარგად ჩანს, რომ მე ვიცავდი თავს", - თქვა ლევან თორიმ.
თავის მხრივ, ბრალდების მხარე, პროკურორი ილია ტორუა, ამბობს რომ განაჩენის ჩაბარებისა და გაცნობის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში,14 მაისს ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა “ლუსტრაციის” ჩაწერის დროს რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს მისჯილი, მეორეს - მამუკა ცირდავას კი 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ლევან თორიას წინააღმდეგ საქმე 126--ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები