ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით,
მოსამართლე ნატრული აკობიამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. მიიჩნევს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ, ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, რადგან მან შესაბამისი კითხვის პასუხად თქვა, რომ ის ცოლზე სისტემატიურად არ ძალადობდა. ის პროცესს ადვოკატის გარეშე ესწრებოდა.
მანამდე, სორდია სასამართლოს, ექსპერტიზის დასრულებამდე, ბავშვებთან ჰყოფნის უფლებას თხოვდა. მისივე თქმით, პროკურორის მოთხოვნა, აღმკვეთის სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან ის მიმალვას და მოწმეებზე ზემოქმედებას არ აპირებდა.
"პროკურორმა აღნიშნა, რომ მე მიმალვას ვაპირებდი არ არის სწორი. მე დამალვას არ ვაპირებდი, ეს იყო შოკური მდგომარეობა, რომელმაც სუიციდის მცდელობამდე მიმყვანა. ბავშვებმა დედა დაკარგეს, მეც რომ ჩავჯდე ეს იქნება მათთვის სტრესული მდგომარეობა. მე ვთხოვ სასამართლოს სანამ დასკვნები დაიდება ვიყო ბავშვებთან,"- თქვა მან სასამართლოზე.
სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი 28 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი დეპუტატის მეზობლად ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობამდე მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. ბაკურ სორდია ზემოაღნიშნული ბრალდებით პოლიციამ 29 დეკემბერს დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები