ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო, საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დაიტბორა. ამის შესახებ
"ათინათს" ერთ-ერთმა დევნილმა ინეზა ფარულავამ
უთხრა. მისივე თქმით, მოსახლეობამ წერილობით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
"მერიაში განცხადება მქონდა შეტანილი. თვეზე მეტი ხანია ეს მდგომარეობაა. მოვიდნენ, რაღაცა ამოთხარეს, შეაკეთეს თითქოს, მაგრამ ისევე ამოვიდა ფეკალური მასები ზემოთ. სუნის გამო ფანჯრებს ვერ ვაღებთ. დაპროექტების დროს არის შეცდომა დაშვებული ალბათ, დაქანება არ აქვსო იძახიან, მე არ ვარ სპეციალისტი, გარკვეულ ნაწილამდე მიდის მერე ვერ გადისო. მე-7 და მე-8 კორპუსების წინ ხდება ეს. იყვნენ აქ ვიცე-გუბერნატორი და მერიის წარმომადგენლები, მოგვცეს პირობა რომ ზომებს მიიღებენ. სასმელ წყალსაც არ ვენდობით, წყალი მოგვაქვს ან ეკლესიის ეზოდან ან ვყიდულობთ", - ამბობს ინეზა ფარულავა.
თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საკითხის მოსაგვარებლად პრობლემური საკანალიზაციო მონაკვეთის სრულად შეკეთებას გეგმავს.
"მერიის შესაბამისმა სამსახურებმა არაერთხელ ამოწმინდეს ლაღიძის ქუჩაზე საკანალიზაციო მილები. ვინაიდან პრობლემა ამით ვერ მოგვარდა, მერია მომავალში საკანალიზაციო ქსელის პრობლემური მონაკვეთის შეკეთებას გეგმავს. ასევე, მუშავდება ახალი პროექტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გამარტივებული წესით მოხდეს მომსახურების შესყიდვა და შესაბამისად, რამდენიმე დღეში აღნიშნულ საკანალიზაციო მონაკვეთს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება", - ამბობენ მერიაში.
აღნიშნულ დასახლებაში 2015 წელს ახლადაშენებულ კორპუსებში 320-მა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი. პროექტის ღირებულებამ 14.5 მილიონი ლარი შეადგინა. შესახლებიდან რამოდენიმე თვეში წყლის დაბინძურების შედეგად, ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ.
ამავე თემაზე:
სეს: დევნილთა დასახლებაში არსებული ჭაბურღილის წყალი ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო
შპს "დაგი": ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში დაბინძურებული წყლის დონეს ვიკვლევთ
დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში წყლით მოიწამლნენ ფულად დახმარებას გაუწევენ ზუგდიდში დევნილთა ახალ დასახლებაში ინფექცია გავრცელდა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები