რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ სოხუმში „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებს ყოფილმა "პრემიერ - მინისტრმა“ სერგეი შამბამ ამცნო, წერს „აფსადგილ ინფო“.
მან წაიკითხა დოკუმენტი, რომლითაც რაულ ხაჯიმბამ „პარლამენტის“ სპიკერს მიმართა. მასში აღნიშნულია, რომ ხაჯიმბამ უფლებამოსილება „ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოიხსნა“.
„ის მე მოვიყვანე და მევე მიმყავს“, - უთხრა შეკრებილებს შამბამ.
12 იანვარს ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა აქციას მართავდნენ, „სახელმწიფო აგარაკთან“ გადაინაცვლეს, სადაც რაულ ხაჯიმბა იმყოფებოდა და მისი გადადგომა მოითხოვეს. მანამდე, სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა, „აფხაზეთში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით“. მალევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკოს თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განაცხადა, რომ განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.
ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა. პასუხად, „პრეზიდენტმა“ განაცხადა, რომ არ დატოვებს თანამდებობას. მოგვიანებით ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საპრეზიდენტო“ არჩევნების შედეგები გააუქმა. ხაჯიმბამ კი მაშინ განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.
მასალის გამოყენების პირობები