მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში
მომსახურების ტარიფები შეიცვალა.
10 ლარის ოდენობით დადგინდა ბილეთის ფასი ქვეყნის რამდენიმე, მათ შორის, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორებისთვის.
რაც შეეხება ზუგდიდის დადიანების სასახლეს, აქ მომსახურების ფასი ჯერ არ გაზრდილა, თუმცა, როგორც მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ გვითხრა, ბილეთის საფასური რამდენიმე თვეში გაიზრდება.
"იძულებულები ვართ ფასი ჩვენც გავზარდოთ, რადგან მუზეუმების მოვლა-პატრონობა ძვირი ჯდება. გაზაფხულისთვის ჩვენთანაც იგეგმება ფასის ზრდა. ბილეთის საფასური 5-ის ნაცვლად 10 ლარი იქნება. ახლა იმიტომ არ გავზარდეთ, რომ ველოდებით ახლად რეაბილიტირებული ნიკოსეული სასახლის გახსნას. მას შემდეგ, რაც ნიკოსეული სასახლე გაიხსნება, ეკატერინესეული სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება", - უთხრა რადიო
"ათინათს" ბერაიამ.
სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მატარებელი საქართველოს მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების ტარიფების ცვლილებით მიღებული შემოსავლები უპირატესად მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოხმარდება. მათივე ცნობით, ამავდროულად, გაზრდილი შემოსავლები სააგენტოს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების გაზრდაზეც იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები