ზუგდიდელი ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის სახელის მინიჭება ერთ-ერთი ქუჩისთვის სურთ. შესაბამისი განცხადებით საკრებულოს მსახიობებმა, მხატვრებმა
და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს. აღნიშნული წინადადება ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ დღეს განიხილა.
„კომისიის ყველა წევრი დადებითად შეხვდა ამ ინიციატივას და არამგონია საკრებულოს რომელიმე წევრი ამ საკითხის წინააღმდეგი წავიდეს. ჯერ ქუჩა არ შეგვირჩევია, ამ საკითხზე მუშაობას გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავიწყებთ“, - თქვა ზემოაღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ.
აბესალომ ტუღუშს გამოქვეყნებული აქვს 9 წიგნი, კრებულები და 80-ზე მეტი ნაშრომი საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიის, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის საკითხებზე. მკვლევარი ბოლოს მეგრული გვარების ისტორიის მრავალტომეულზე მუშაობდა, თუმცა მისი გამოცემა ვერ მოასწრო. ის 2008 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები