ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტის განთავსებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ეპარქიის მდივანმა მამა დიმიტრი ვეკუამ უთხრა. ის ფიქრობს, რომ ზუგდიდელები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ეპარქიაში ასევე თვლიან, რომ ფრესკის განთავსება რელიგიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
"ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ზუგდიდში ბრძანდება სამყაროს უწმინდესი დედის, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი და ქალაქს, როცა ტურისტი ან პილიგრიმი ესტუმრება, იხილავს ამ მოზაიკას და დაინტერესდება მისით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რელიგიური ტურიზმი განვითარებულია, ჩვენთან პირიქით. ალბათ, ხელისფულება უნდა იყოს ამით დაინტერესებული, თუ მით უფრო, ეს მოსახლეობის ნაწილის ნებას წარმოადგენს და ჩვენ ვიცით, რომ ეს ასეა და იმედია ეს გამოჩნდება", - ამბობს მამა დიმიტრი ვეკუა.
საჯარო განხილვა 20 თებერვალს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გაიმართება.
თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტი გასული წლის 2 ივნისს აღმართეს, რამაც მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილს მოსწონს ეპარქიის იდეა, ნაწილისთვის კი წმინდანის ფრესკის ამ ადგილზე განთავსება მიუღებელია.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვა იგეგმება
ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტის აღმართვამ ზუგდიდელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
მამუკა წოწერია მოედანზე ფრესკის აღმართვაზე: შესაძლოა, სამოქალაქო აქტივობებს ზღუდავდეს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები