8 თებერვლიდან დღემდე, „ფსოუს“ გამშვები პუნქტის გავლით, აფხაზეთში ყირგიზეთის, ჩრდილოეთ კორეის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის 50 - მდე მოქალაქე არ შეუშვეს.
ამის შესახებ „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ „აფხაზეთში რუსეთის ელჩს“ ალექსეი დვინიანინს განუცხადა, წერს „აფსადგილ ინფო“. შეხვედრაზე მხარეებმა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „რუსეთ - აფხაზეთის“ საზღვარზე გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
სოხუმის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ტაჯიკეთის, კორეის, ჩინეთის და ყირგიზეთის მოქალაქეებს შეეზღუდათ შესვლა, ამის შესახებ აფხაზურ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა ანდრეი ბობუამ გასულ კვირაში განუცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები „საზღვარზე“ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა. თუმცა, მისივე თქმით, დროებითი შეზღუდვები არ შეეხება მაგალითისთვის, რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, უკრაინის მოქალაქეებს.
აღნიშნული შეზღუდვები 2020 წლის 7 მარტამდე იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები