ჩხოროწყუში სასაფლაოების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჩხოროწყუში 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სოფლებში - ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაქურდეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს. პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავებიდან მოპარული ლითონის ფირფიტები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ამბობენ უწყებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები