ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ ზუგდიდსა და ფოთში ფილიალის გახსნას
გეგმავს. კომპანია ამჯერად ადგილს არჩევს, სადაც ,,კარფური” განთავსდება. ინფორმაციას
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, კომპანიის გენერალური დირექტორი კრისტოფ ორსე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას შეხვდა.
ხელისუფლების და კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე ადგილი განიხილეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა განსახორციელებელი ინვესტიციის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა.
„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, კომპანია ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად.
„კარფური“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 19 ობიექტით არის წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები