სოხუმმა მასობრივი ღონისძიებები და "საზღვარგარეთ" მივლინებები დროებით აკრძალა
სოხუმმა დროებით აკრძალა სპორტული და კულტურულ - მასობრივი ღონისძიებები, ასევე "საზღვარგარეთ" მივლინებები,
ამის შესახებ განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.
"ფინანსთა სამინისტროს" დაევალა შეაჩეროს მასობრივი ღონისძიებების, ასევე, სხვადასხვა უწყების, დაწესებულების და ორგანიზაციისთვის, მივლინებების დაფინანსება, წერს "აიაირა". ამავე ცნობით, განკარგულების აღსრულების მონიტორინგს "ფინანსთა, კულტურისა და განათლების სამინისტროები, ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციის ხელმძღვანელები გაუწევენ".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ენგურის ხიდი 14 მარტს 20:00 საათიდან ჩაიკეტება. ამავე ცნობით, რესპუბლიკაში შესვლა და რესპუბლიკიდან გასვლა ეკრძალება ყველა კატეგორიის მოქალაქეს, ენგურჰესის თანამშრომლების გარდა. აღნიშნული განკარგულება თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 11 მარტს გასცა.
ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვალს შეიზღუდა. აფხაზურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები