საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე 2 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.
ამ დროისთვის, სამუშაოები 5 ქუჩაზე მიმდინარეობს და მიმდინარე წელსვე დამატებით 5 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამავე ინფორმაციით, ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციას საერთო ჯამში 25 338 300 ლარი მოხმარდება.
"აღსანიშნავია რომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებისთვის უკვე ამზადებს წინადადებას, რათა დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია მოხდეს. სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 35 ქუჩაზე. ქუჩებზე, საავტომობილო გზის მონაკვეთები ამორტიზებულია, ფაქტობრივად არ არსებობს საავტომობილო გზის საფარი, რაც იწვევს მოსახლეობის დამტვერიანებას უნალექო ამინდში, ხოლო ნალექიანი ამინდების დროს გადაადგილება რთულდება. 35 ქუჩის რეაბილიტაციის საორიენტაციო ღირებულება 23 მილიონ ლარამდეა.
მიმდინარე და დეგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, ეზოში შესასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.
აღსანიშანავია, რომ ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყება ცენტრალური ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ, შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩებზე.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალაქის ქუჩებზე გზების რეაბილიტაციის დასრულება, ეტაპობრივად წლის ბოლომდე იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები