საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის 2 წლიანი პერიოდი შეაფასა. TI-ის მიერ
გამოქვეყნებული ანგარიში გამოთხოვილ, ასევე საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს ეფუძნება.
ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას განმარტებით, დოკუმენტში მოცემული ძირითადი მიგნებებისა და სტატისტიკური მონაცემების გარდა, ასახულია ციფრები გაწეული ხარჯებისა და სახელფასო ანაზღაურებების შესახებ.
„ჩვენი ანგარიშის ძირითადი მიგნებები და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკრებულო სუსტ ზედამხედველობით ფუნქციას ასრულებდა, ხშირ შემთხვევაში მისი კონტროლი აღმასრულებელ ორგანოებზე ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა რამდენიმე კორუფციული სკანდალი ზუგდიდში, რაზეც საკრებულოს არ უმსჯელია, თუმცა საკრებულომ მოგვწერა, რომ რამე სახის ინტერესთან კონფლიქტი მერიის საქმიანობაში არ გამოვლენილა. ჩვენს კვლევაში ასევე ასახულია სტატისტიკური მონაცემები საკრებულოს და კომისიების სხდომების შესახებ. ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ გვაქვს მრავალი შემთხვევა, როგორც საკრებულოს ისე კომისიის სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის”, - აღნიშნა თოდუამ.
კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკრებულოს თანამშრომლებმა 90 ტონამდე საწვავი გახარჯეს. აქედან, საკრებულოს თავმჯდომარემ - 16 531 ლიტრი.
„გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები საკრებულოს მიმართ. პირველ რიგში მათ უნდა გააუმჯობესონ საკუთარი მაკონტროლებელი საქმიანობა, საზედამხედველო კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია საკრებულომ იზრუნოს კორუფციული გარიგებების პრევენციაზე, მკაცრად უნდა აკონტროლოს, როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეფექტურად ხარჯვაზე“, - აღნიშნა თოდუამ.
თავის მხრივ ზუგდიდის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ კრიტიკის მიუხედავად, დოკუმენტი მათ საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ ანგარიში საკრებულოს საქმიანობის პოზიტიურ მხარეებსაც მოიცავს.
“დოკუმენტზე ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ცალსახად ნეგატიური დოკუმენტი. ძალიან ბევრია ფაქტი და მიგნება, რომელიც საკრებულოს საქმიანობის პოზიტიურ მხარეებს ასახავს. რაც არ უნდა კრიტიკული დოკუმენტი იყოს ჩვენთვის, ეს მნიშვნელოვანია, რათა დავინახოთ ობიექტური ტენდენცია და გამოვიყენოთ ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება ისეთ მიგნებებს, რომელიც არის ხარვეზის დამდგენი და სარეკომენდაციო ხასიათის, იქ არ არის საუბარი, რომ საკრებულო არ ასრულებს თავის ფუნქციებს - უბრალოდ ნათქვამია, რომ სუსტად ასრულებს საზედამხედველო და მაკონტროლებელ ფუნქციებს და ხშირად არის ფორმალური. ამაში ჩვენ რა თქმა უნდა არ დავეთანხმეთ, უშუალოდ პრეზენტაციაზეც“,- ამბობს წოწერია.
საკრებულოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ისინი საკმაოდ ობიექტურად ახორციელებენ საზედამხედველო ფუნქციებს.
„რაც შეეხება ფრაქციების გაცდენებს, დასწრების აქტივობით აქ საუბარია ძირითადად ოპოზიციურ ფრაქციებზე, სადაც მოყვანილია კონკრეტული მაგალითები გაცდენების რაოდენობის და საერთოდ მოვუწოდებ ყველა ფრაქციას, სადაც გამონაკლისი არის „ქართული ოცნება“, თავისი ფუნქციების შესრულების ხარისხით უფრო ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება ხარჯებს, ჩემთან მიმართებაში, შემიძლია ვთქვა, რომ კანონით დადგენილ ნორმებშია ყველა საწვავი, 700 ლარის საწვავი ფაქტიურად ბოლომდე არ იხარჯება, მაგრამ თუ რამე იხარჯება, ეს მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება“, - თქვა წოწერიამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის საანგარიშო ერიოდი 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები