ოჩამჩირის რაიონში, მავნებელი მწერის, არაფარდი პარკიხვევიას (ლათ. Lymantria dispar) გავრცელების კერა დაფიქსირდა. ინფორმაციას "ნუჟნაია გაზეტა" ავრცელებს. ამავე ცნობით, მატლი ზღვისპირა ტყის მასივში,
სოფლების, ილორისა და გაგიდას რაიონში, 300 ჰექტარზე გავრცელდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსის ვლადიმირ გერიას განმარტებით, ისინი მონიტორინგს აწარმოებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. მისივე თქმით, პოტენციური საშიშროება არსებობს, თუმცა დღესდღეობით მწერის გავრცელების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული.
"პარკიხვევიას გავრცელების შემთხვევაში, კატასტროფა გვემუქრება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამ მონაკვეთზე ხელი შევუშალოთ მის გავრცელებას, მაგრამ, რადგან მას ბუნებრივი მტრები ჰყავს, ჭიანჭველები და სხვა, მათი პოპულაცია მომავალი წლისთვის, სავარაუდოდ, საგრძნობლად შემცირდება და არ გვექნება ისეთი სიტუაცია, როგორც ფაროსანას დროს გვქონდა", – ამბობს სპეციალისტი.
მისივე განმარტებით, პარკიხვევიას გარდა, მცენარეებისთვის საშიშროებას ამ ეტაპზე ფაროსანა და თეთრი ამერიკული პეპელა წარმოადგენენ, რომელთა პოპულაცია აგვისტოსთვის, სავარაუდოდ, გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები