ბაჩანა შენგელია, რომლისთვისაც სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სანოტარო სისტემასთან წვდომის აღდგენა დაავალა, საქმიანობას ამ დრომდე ვერ აგრძელებს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. შენგელია წერს, რომ, მიუხედავად ათი დღის გასვლისა, იუსტიციის სამინისტრო ისევ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„გუშინ საოცარი წერილი მივიღე, სადაც წერია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან შემიწყდა პროგრამასთან წვდომა 15 ივლისამდე:) უკანა რიცხვით, ალბათ დროის მანქანით. 15 ივლისიდან აპირებენ ფეისბუქ-პოსტების გამო შემიჩერონ საქმიანობა უფრო დიდი ხნით, ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ველოდები“, - წერს შენგელია.
ის ასევე აპირებს, გენერალურ პროკურატურას მიმართოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით.
პირველ ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს
დაავალა ბაჩანა შენგელიას სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. ამით მოსამართლემ ბაჩანა შენგელიას განცხადება, სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების მიღების თაობაზე, დააკმაყოფილა.
იუსტიციის სამინისტრომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც ის სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. ბაჩანა შენგელია აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეს უკავშირებს, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები