„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ თვლის, რომ ბაჩანა შენგელიას მიმართ იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული დისციპლინური წარმოება მიკერძოებისა და ანგარიშსწორების აღქმას აჩენს.
ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ შენგელია ხელისუფლებას, მისი დედის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე არაეფექტიანი გამოძიების გამო აკრიტიკებდა.
"მინისტრის დებულებაში შეტანილი ცვლილების ქრონოლოგია დისციპლინირების მექანიზმის ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს იუსტიციის მინისტრის დებულება განსაზღვრავს. 2020 წლის 22 მაისამდე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპისა და ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა საშუალო დისციპლინურ გადაცდომად ითვლებოდა, რისთვისაც გაფრთხილება ან საყვედური იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წლის 22 მაისს იუსტიციის მინისტრმა ცვლილება შეიტანა დებულებაში და იგი მძიმე დისციპლინურ გადაცდომად განისაზღვრა. ამ გადაწყვეტილებამ მინისტრს მისცა ბერკეტი, დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, ბაჩანა შენგელიას მიმართ არა საყვედური ან გაფრთხილება, არამედ 1 თვიდან 2 წლამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების სანქცია გამოიყენოს.
ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის 22 მაისამდე დებულება ბოლოს 2016 წელს შეიცვალა.
დისციპლინირების საფუძველი სათანადოდ განჭვრეტადი არ არის და გარდა ამისა, შესაძლოა, კონსტიტუციასთანაც მოდიოდეს წინააღმდეგობაში საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბაჩანა შენგელიას მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოება სავარაუდოდ შემდეგი საფუძვლებით მოხდა: პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა; საქართველოს ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, ეთიკის კოდექსის მიხედვით, ნოტარიუსი ვალდებულია თავი შეიკავოს თავისი მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებისაგან. აკრძალულია მისი მხრიდან ნებისმიერი სახის პოლიტიკური პროპაგანდა, როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთ.
გამოხატვის თავისუფლების არა კანონის, არამედ კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე შეზღუდვით, უგულებელყოფილი იქნა კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფორმალურ მოთხოვნა - უფლებების შეზღუდვა მოხდეს კანონის საფუძველზე.
ამასთან, უფლების შემზღუდავი აქტი უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და არ უნდა იყოს თვითნებური და დაუსაბუთებელი. ის უნდა პასუხობდეს განჭვრეტადობის, განსაზღვრულობისა და ხელმისაწვდომობის კრიტერიუმებს.
მოცემულ შემთხვევაში, გაუგებარია, რა იგულისხმება „პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში“ ან „მიკერძოებულ პოლიტიკურ შეხედულებებში“ და კონკრეტულად რა ტიპის ქცევას კრძალავს აქტი. აუცილებელია, რომ ნორმატიული აქტი იყოს წინასწარ განჭვრეტადი და ზუსტად განსაზღვრული, რათა არ მოხდეს ნორმის თვითნებური და შერჩევითი გამოყენება. ამ ნორმის თვითნებურმა განმარტებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს პირის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
2013 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის მიერ (International Union of Notaries) დამტკიცებული ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსი, შესაძლოა, გამოყენებული იქნეს როგორც აღნიშნული საკითხის განმარტების დამატებითი ინსტრუმენტი. კოდექსის მიხედვით, ნოტარიუსის საქმიანობის პრინციპებია: პროფესიული და პერსონალური კვალიფიკაცია, პროფესიული ავტონომია, კანონიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ დოკუმენტში სახელდებითაა მოხსენიებული 39 ტიპის გადაცდომა, რომელებიც ნოტარიუსის ეთიკის წესებს არღვევს. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება კი არც ერთ გადაცდომად არ არის მიჩნეული.
საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილია, რომ დისციპლინირების საფუძველი უნდა იყოს საკმარისად ზუსტი, რათა პირმა წინასწარ განჭვრიტოს, თუ რა დისციპლინური სახდელი მოჰყვება მის ამა თუ იმ ქმედებას.
ამდენად, საპარლამენტო კონტროლის გვერდის ავლით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ თვითნებური და არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების საფრთხე შექმნა. შესაბამისად, შესაძლოა კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნის უგულებელყოფა ნორმის არაკონსტიტუციურობის საფუძველი გახდეს.
დისციპლინური წარმოების ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება პრობლემურია იუსტიციის სამინისტროდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ ბაჩანა შენგელიას მიმართ აღძრული დისციპლინური საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. მინისტრის დებულების მიხედვით, საქმის მოსმენას უნდა ესწრებოდეს ნოტარიუსი.8 საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის ჩატარება გააჭიანურებს საქმის განხილვას და გადაწყვეტას, ან საქმის გარემოებები დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ბაჩანა შენგელიას მიმართ აღძრული დისციპლინური საქმე ზემოაღნიშნულ საგამონაკლისო წესში არ ექცევა. იუსტიციის სამინისტროდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი ბაჩანა შენგელიას მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯარო გამჟღავნება და პოლიტიკურ შეფასებების გაკეთება გახდა.
იმის გამო, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ეს საფუძველი შეფასებითი კატეგორიასთან ერთად, არაგანჭვრეტადი ხასიათისაა, მნიშვნელოვანია, საქმე ზეპირი მოსმენით ჩატარდეს და ნოტარიუსს მიეცეს შესაძლებლობა თავისი მოსაზრებები ზეპირი ფორმით დააფიქსიროს.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (International Union of Notaries) მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა ეთიკის წესები ადგენს, რომ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში პირს შესაძლებლობა უნდა მიეცეს იყოს მოსმენილი.
ნოტარიუსთა სამუშაო პროგრამაზე წვდომის შეჩერება დაუსაბუთებლად მოხდა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ 19 ივნისს სანოტარო საქმიანობის უფლება შეეზღუდა, რადგან იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა ან პოლიტიკური თანამდებობის პირმა ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რითიც იგი სანოტარო მოქმედებას ახორციელებდა.
როგორც ცნობილი გახდა, ბაჩანა შენგელიას პროგრამაზე წვდომა 18 ივნისს დაწყებული დისციპლინური წარმოების ფარგლებში შეუჩერდა. აღნიშნული დისციპლინური წარმოება ავადმყოფობის გამო ბაჩანა შენგელიას სამსახურში გამოუცხადებლობასა და მის მაგივრად ნოტარიუსის შემცვლელის დანიშვნას უკავშირდებოდა.
„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების სამ საფუძველს: 1. თუ ნოტარიუსმა დაარღვია ნოტარიუსად რეგისტრაციისათვის კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენის წესი და პირობები; 2. თუ ნოტარიუსმა ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი გადაცდომა; 3. მიღებულია გადაწყვეტილება ნოტარიუსის ბრალდებულად ცნობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არცერთ ზემოთხსენებულ საფუძველს ადგილი არ ჰქონია.
2020 წლის 25 მაისს, ახალი „კორონავირუსის” მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით ნოტარიუსების საქმიანობის განსხვავებული წესები დადგინდა. აღნიშნული რეგულაციები მიმდინარე წლის 15 ივლისამდე მოქმედებს. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ბაჩანა შენგელიას სწორედ აღნიშნული წესების დარღვევის გამო დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, თუმცა ბრძანებაში ნათლად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ბაჩანა შენგელიას მიერ განხოციელებული ქმედების პრობლემურობა.
ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება მიიღო, რის შედეგადაც იუსტიციის სამინისტროს დაევალა ბაჩანა შენგელიას სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა სხვა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს ეს განჩინება ამ დრომდე არ აღუსრულებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული დისციპლინური წარმოება მიკერძოებისა და ანგარიშწორების აღქმას აჩენს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს მოვუწოდებთ:
აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება, ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენასთან დაკავშირებით;
შეჩერდეს დისციპლინური წარმოება ბაჩანა შენგელიას საკონსტიტუციო სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები