ზუგდიდში ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს
ზუგდიდში ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 5 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები