სოხუმი ენგურის ხიდზე "ჰუმანიტარული კორიდორის" გახსნას ისევ გეგმავს
აფხაზურმა მხარემ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ენგურის ხიდზე "ჰუმანიტარული კორიდორი" ცალმხრივად ისევ გახსნას. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის
უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა გამოცემა "აბხაზია ინფორმს" განუცხადა.
"მოსაზღვრე ტერიტორიაზე აფხაზეთის საკმაოდ ბევრი მოქალაქეა და გალის მცხოვრები, რომელსაც ბინადრობის უფლება აქვს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო გაემგზავრა საქართველოს ტერიტორიაზე და ახლა უკან დაბრუნებას სურს. გარდა ამისა, რუსი კოლეგები გვატყობინებენ, რომ იზრდება იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც სახლში დაბრუნებას მდინარის გადალახვით ცდილობენ. ყოველდღიურად 20-30 დამრღვევს აკავებენ, ამიტომ აზრი აქვს იმას, რომ ეს ადამიანები ლეგალურად შემოვუშვათ", – აღნიშნა ლატიპოვმა.
ფსოუზე "საზღვარი" რუსეთის ფედერაციამ 1 აგვისტოს გახსნა. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ იმავე დღეს მოაწერა ხელი. მანამდე, 30 ივლისს, ის მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმოსვლა ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის 8 აპრილიდან იყო შეზღუდული.
მასალის გამოყენების პირობები