ფოთში, მდინარე რიონში სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები