"შესაძლოა დედა არ მართავდა მანქანას" - სხვადასხვა ვერსია ტყაიაში 6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე
ზუგდიდის სოფელ ტყაიაში მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული 6 წლის ბავშვი ქუთაისის საავადმყოფოში დილით, გამთენიისას გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკებში ცადეს,
თუმცა უშედეგოდ. მედიკოსების ინფორმაციით, გოგონას სიცოცხლესთან შეუსაბამო მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული.
იმის შესახებ, მართავდა თუ არა მანქანას გარდაცვლილი ბავშვის დედა, ტყაიაში დანამდვილებით არ იციან. მერის წარმომადგენლის ედემ კეკუტიას ცნობით, სოფელში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მათ შორის იმის შესახებ, რომ ავტომობილის საჭესთან დედა არ იჯდა.
"დანამდვილებით არაფერი ვიცი, ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ ოჯახის წევრებს აქვთ, თვითმხილველები მხოლოდ ისინი არიან. იმასაც ამბობენ, რომ დედა არ იჯდა საჭესთან", - ამბობს ედემ კეკუტია.
უბედური შემთხვევა ტყაიაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. შს სამინისტროს ცნობით ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები