წალენჯიხის სოფელ საჩინოში უბედური შემთხვეევა მოხდა. სოფელში მერის წარმომადგენლის ანზორ შეროზიას ინფორმაციით, T 16-ის ტიპის ტრაქტორს, რომელსაც 9 ადამიანი ძარით გადაჰყავდა,
საბურავი გაუსკდა და გადაბრუნდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
"მუშები თხილნარში მიდიოდნენ ტრაქტორით და უკანა საბურავი გაუსკდათ, ძარის ქვეშ ერთი მოჰყვა და დაიღუპა, 52 წლის ქალი. ნაწილი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმეს საერთოდ არ დასჭირდა სამედიცინო დახმარება", - უთხრა რადიო "ათინათს" შეროზიამ.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები