4 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავამდყოფოს ლაბორატორიაში 243 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულებს შორისაა 21 პაციენტი, მედპერსონალი- 42, კარანტინიდან და თვითიზოლაციიდან - 8 ადამიანი, შსს-ს 135 თანამშრომელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალი - 29 და ეპიდკერაში მყოფი 8 ადამიანი. ამასთან, გაიტესტა რუხის კლინიკის პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცის პასუხი შუალედური ტესტირების შემდეგ რჩება სუსტად დადებითი.
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1621 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1302-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები