ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საოლქო კომისიას და "ქართულ ოცნებას" საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების წინასწარ შერჩევაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, როგორც კომისიების თავმჯდომარეების, ისე მათი მოადგილეებისა
და სხვა წევრების ვინაობები უკვე ცნობილია და დაკომპლექტებულია მმართველი პარტიის მიერ. საოლქოში ენმ-ის წარმომადგენლის კობა კვარაცხელიას თქმით, მათ აქვთ სია, რომელშიც მითითებულია თუ ვისი კანდიდატურები იქნება არჩეული საუბნო კომისიის თავმჯდომარეებად.
"საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე იმართება სპექტაკლი, სამმოქმედებიანი დადგმა, რომელსაც ჰქვია საუბნო-საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევა. ჩვენი ინფორმაციით, ეს თანამდებობები უკვე გადანაწილებულია "ქართული ოცნების" მიერ და დამოუკიდებელი კომისიის წევრები წინასწარ არიან შერჩეული. ჩვენ წარვადგენთ სიას, თუ ვინ იქნებიან უბნებზე თავმჯდომარეები და როგორც კი შემოვა კომისიაში პირველი სხდომების მონაცემები, შევადაროთ და თუ აქ მითითებული სახელები დაემთხვა უბნებიდან შემოსული ოქმებში მითითებულ სახელებს, მოვითხოვთ შესაბამისმა უწყებამ სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, რომელიც არის სერიოზული კანონდარღვევა", - ამბობს კვარაცხელია.
მისივე თქმით, ის პირები, ვინც კომისიის წევრებად იქნებიან შერჩეულები, საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები არიან.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში წუხელ
ხმაური იყო. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო. მობილიზებული იყო სამართალდამცავი ორგანოები.
მასალის გამოყენების პირობები