სოფელ ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო - საგანგებო
სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმერეთიდან და თბილისიდან. ამ დროისთვის, ადგილზე უკვე მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი სპეციალური ინდივიდუალური აღჭურვილობით. ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა გავრცელებული.
მასალის გამოყენების პირობები